X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

18 ოქტომბერი 2025

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტით იგეგმება ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, ექვსი ხიდის, ორი სატრანსპორტო კვანძის და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა.

მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას.

პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და  ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება. მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.

ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს — ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება.

ახალი მაგისტრალური გზა გაზრდის სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.